მიმართვა - თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება

27 ნოემბერი 2020, 12:40 1373 ნახვა

პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი“ მთავრობას სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

''მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 

მათივე თქმით, არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა გარდამავალი მარაგების ხარჯზე ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით, ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე პურის ფასების სტაბილურობა შეინარჩუნეს. 

''უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება.

ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით რომელიც მსოფლიომ განიცადა „კოვიდ-19“-ის მომდინარეობით, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის (მარტი-აპრილის თვეებში) პერიოდში მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევებზე გამკლავება, პირველ ყოვლისა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით https://matsne.gov.ge/ka/document/view/4852663?publication=0

რამაც საშუალება მოგვცა იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგებით მივსულიყავით ივლისის თვემდე, ანუ 2020/21 წლის ახალ მოსავალამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად 200$/ტონის ფარგლებში სექტემბრის თვემდე, თუმცა შემდგომ თვეებში ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრის თვიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება, კერძოდ :

1. მსოფლიო ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი , რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6 -ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება .

რუსეთში და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნების პრობლემები, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება

2 .მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოდ 30 %-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.

3. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ,წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.

4 . შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე .

მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი 270$/ტონა. შესაბამისად ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში'-' წერია გავრცელებულ მიმართვაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში