ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან

30 ნოემბერი 2020, 18:06 1020 ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სხდომაზე რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

ადვოკატები 211 პირის თავდებობის საფუძველზე ითხოვდნენ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებას.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში