დააკავეს პირები, რომლებმაც სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და კომპანიის საცავიდან თანხა წაიღეს - შსს

02 დეკემბერი 2020, 10:27 14381 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 2 პირი,  რომლებმაც სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და კომპანიის საცავიდან თანხა და ოქროს ნივთები წაიღეს. 

სამართალდამცველებმა გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. მეორე მოქალაქე კი ქუთაისში აიყვანეს. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთები და მოპარული ფულის ნაწილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში