ბათუმში, კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

03 დეკემბერი 2020, 19:05 3381 ნახვა

ბათუმში, კლინიკა "მედინაში" კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში, 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. სადაც დღეს გარდაიცვალა.

ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ მას ფილტვების მძიმე დაზიანება ჰქონდა.

"მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. ის ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით იწვა და იქ მკურნალობდა. ჰქონდა გამოხატული სიმპტომები, როგორც კლინიკურად, ასევე სუნთქვის უკმარისობის სახით, რომელმაც იმოქმედა არამარტო ორსულის, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც.

25 ნოემბერს, საღამოს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, იმ ღამესვე საკეისრო კვეთა ჩატარდა, ამოყვანილი იქნა ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც უკვე გაეწერა სახლში. 27 ნოემბერს ბათუმის სამშობიარო სახლიდან პაციენტი, ჩვენთან "მედინაში" გადმოიყვანეს.  კვლევის შედეგად, მას პნევმონია და ფილტვის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. იმყოფებოდა ე.წ "სიპაპ" რეჟიმით, ანუ მას მაღალი ნაკადით მიეწოდებოდა ჟანგბადი. მკურნალობის ფონზე პირველ და ორ დეკემბერს პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ გუშინ, ღამის 3 საათზე მოხდა ფილტვის არტერიის თრომბოებოლია, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა, გულ-ფილტვის რეანიმაცია და აღდგა გულის მუშაობა, მაგრამ დღეს შუადღისთვის ისევ გაჩერდა. სამწუხაროდ რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, მაგრამ ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება, ფილტვის ქსოვილი ფაქტიურად აღარ ჰქონდა, ძირითადად ამან გამოიწვია მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება", - აცხადებს კლინიკა "მედინას" მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში