ბათუმში გარდაცვლილი 31 წლის ქალის საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის - თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:20 2608 ნახვა

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც საკეისრო კვეთა, ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გაიკეთა. მოგვიანებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, კლინიკა ,,მედინაში'' მკურნალობდა. 

გარდაცვლილის დედა მომხდარში სამშობიარო სახლის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა. 

''ჩემი შვილი თავდაპირევლად მივიდა ბაუ-ში და მერე დაეწყო სიმპტომები, მანამდე არაფერი არ სჭირდა. აიღო ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი, გადავიყვანეთ ბათუმის სამშობიარო სახლში. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მე ვთვლი, რომ იქ დააგვიანეს მკურნალობა. ერთი კვირა იქ იწვა, ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. თავისი ფეხით მივიდა, მერე სიცხეები ჰქონდა, თურმე ყელი გადაეკეტა. არცერთმა ექიმმა, რატომ არ მოიკითხა?!... 

კლინიკის ხელმძღვანელთან მეც მქონდა საუბარი, მეუბნებოდა კარგად არის, კარგად არისო. უფრო წინსვლა გვექნებაო. შვილი მეუბნებოდა გატყუებენ დედა არავინ არ შემოდისო, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოიხედავსო'' - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

კლინიკაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბათუმში მომხდარ შემთხვევას დეტალურად შეისწავლიან. თამარ გაბუნიას თქმით, ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. რაც შეეხება მკურნალობის კურსს, კლინიკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა. 

''ჯანდაცვის სამინისტრო ყველა შემთხვევას სწავლობს, სპეციალური აუდიტის ჯგუფი მუშაობს და ასევე რეგულირების სამინისტრო, თავისი კომპეტენციების ფარგლებში, შეისწავლის  გარდაცვალების ყველა შემთხვევას და ასევე საყურადღებო შემთხვევებს , როგორიც არის  აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, მაქვს მხედველობაში ორსულობა. ეს არის დიდი ტრაგედია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით რთულია...

ის ინფორმაცია, რაც ჩვენ კლინიკიდან  გვაქვს მიღებული მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა იყო  ის, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე  დაზიანებას. კონკრეტულ შემთხვევაში ქალს თანხმლები დაავადება არ რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება არ ფიქსირდება. 

ამ შემთხვევაში მეტად ღრმა ანალიზი ჩატარდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში