შეზღუდულია იმ პროდუქტების რეალიზება, რომლებიც ადამიანის ხანგრძლივ დაყოვნებას უკავშირდება - ბექა ფერაძე

07 დეკემბერი 2020, 13:09 1172 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით შეზღუდულია იმ პროდუქტების რეალიზება, რომლებიც ადამიანის ხანგრძლივ დაყოვნებას უკავშირდება, მიზეზი კი მობილობის შემცირებაა.

ბექა ფერაძის განმარტებით საქართველოში ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს.

"საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, ჰიგიენის საშუალებების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, აგროქიმიკატების რეალიზება, სხვა მიმართულებით მოქმედებს შეზღუდვები. მიზანი არის ის, რომ შემცირდეს მობილობა და დროის გარკვეულ მონაკვეთში გვქონდეს ინფიცირების რაოდენობის  კლება და სწორედ ამიტომ იქნება ეს ტანსაცმელი, სხვადასხვა ტექნიკა, ავეჯი თუ წვრილი ტექნიკა არის შეზღუდული. ეს ყველაფერი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში, თითქოს, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. მინდა წარმოგიდგინოთ სურათები, ევროპის მასშტაბითაც მოქმედებს მსგავსი შეზღუდვები. 

ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელმაც დააწესა შეზღუდვები, ვრცელდება სხვადასხვა ნივთებსა თუ პროდუქტებზე, მიზანი არის მობილობის შემცირება, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

ეს არის დისკომფორტის შემქმნელი მოქალაქეებისთვის, სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. ჩვენ ცუდსა და უარეს შორის ვაკეთებთ არჩევანს და სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში პროდუქტების რეალიზებაცაა შეზღუდული, ჩვენ გაცილებით უფრო მსუბუქი შეზღუდვები გვაქვს. შეზღუდულია მსხვილი ტექნიკის, ტანსაცმლის რეალიზება,  ანუ ის პროდუქტებია შეზღუდული, რომლებიც ადამიანის ქცევაში გულისხმობს ხანგრძლივ დაყოვნებას. 

დისტანციური გაყიდვებით, ბუნებრივია ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე განცხადებით, სულ შემოწმდა 24 518 ობიექტი, ჯამში დაჯარიმდა 10 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში