ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე - აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია

11 დეკემბერი 2020, 11:40 1669 ნახვა

'' ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა'' - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია განცხადებას ავრცელებს. 

''ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.

დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში