ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების კომიტეტის წევრი იქნება 

16 დეკემბერი 2020, 17:56 1370 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ბიუროს სხდომაზე დღეს ირაკლი ჩავლეიშვილის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში გაწევრების შესახებ იმსჯელებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტში მუშაობის სურვილი მან თავად გამოთქვა და საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა.

დავით გაბაიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შემოვიდა არა იმ პოლიტიკური პარტიიდან რომელსაც ის წარმოადგენს, ამიტომ ის მისთვის ოპონენტია.

"ის, რომ ირაკლი ჩავლეიშვილმა მოითხოვა ერთ კონრეტულ კომიტეტში მუშაობის გაგრძელება ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად სავალდებულოა, რომ მინიმუმ ერთ კომიტეტში უმაღლესი საბჭოს წევრი საქმიანობდეს. თუ იღებ ხელფასს, უნდა საქმიანობდე კიდეც. ბატონ ირაკლის ისევე დაერიცხება ხელფასი, როგორც სხვა დანარჩენ მის კოლეგებს. ასე, რომ არავინ არ არის განსაკუთრებით პრივილეგირებულ ან არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში.

მე არ ვიცი ოპოზიცია რაზე საუბრობს, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ნირწამხდარი და იმედგაცრუებული ხალხის კომენტარები თუ ასეთი გაკეთდა. 

ბატონი ირაკლი შემოვიდა არა იმ პოლიტიკური პარტიიდან რომელსაც მე წარმოვადგენ აქედან გამომდინარე ის ჩემთვის არის ოპონენტი, ის არ მიიღებს დიდი ალბათობით მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას რითაც ის ბუნებრივია ოპოზიციონერის სტატუსით  ისარგებლებს. ვინ არის ოპოზიცია და ვინ პოზიცია ამის გამმიჯნავი ერთადერთი ძირითადი კრიტერიუმი საკანონმდებლო დონეზე არის ის, მიიღებს თუ არა პირი მონაწილეობას მთავრობის ფორმირებაში. თუ მთავრობის ფორმირებას მხარს დაუჭერს ირაკლი ვიტყვით, რომ ის არის უმრავლესობა თუ არა ბუნებრივია დარჩება ოპოზიციაში.

მე მისი გადაწყვეტილება გავიგე ფეისბუქ პოსტით, რომელიც მან გაავრცელა. რაც შეეხება კომიტეტებში საქმიანობას მის მიერაც ელექტრონული საქმისწარმოების წესით წარმოდგენილი იქნა ეს განცხადება.

1 ნოემბრიდან ყოველდღიურად ვსაუბრობთ, რომ ვიღაც მიდის, თუმცა ეს ფაქტი არ დადგა და აღარ გვინდა ამდენი საუბარი. დაიწეროს და შემოვიდეს განცხადება და მას შემდგომ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ჩემი პოზიციაა რაც უფრო მეტი კოლეგა იქნება უმაღლეს საბჭოში, რაც მეტს აღმოაჩნდება პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე მე ამას მივესალმები"-განაცხადა დავით გაბაიძემ.

ირაკლი ჩავლეიშვილს უფლება აქვს ოპოზიციის კვოტით განათლების კომიტეტში მოადგილედ იმუშაოს. თუ ის უარს იტყვის აღნიშნულ თანამდებობაზე, მაშინ ''ქართული ოცნება'' წარადგენს კანდიდატურას

 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში