დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებისას 12 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ 

21 დეკემბერი 2020, 10:54 823 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო მიიღეს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში