"თბილისის ომიდან" 29 წელი გავიდა

21 დეკემბერი 2020, 16:16 1702 ნახვა

29 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს "თბილისის ომი'' დაიწყო. სამოქალაქო დაპირისპირება დედაქალაქში 15 დღე გაგრძელდა და 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით დაპირისპირებას 113 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სამოქალაქო ომს წინ უძღოდა, მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.

ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება მთავრობის სასახლესთან  მოუწოდებდა თავის მომხრე ძალებს და ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა.  

დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც თბილისის ცენტრში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები. მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა.

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8 საათზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა. მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა. ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება ,,მხედრიონი'' შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იყო. საარტილერიო სროლების შედეგად დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობები: პარლამენტის შენობა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობა, სასტუმრო "თბილისი", მხატვრის სახლი და სხვა ნაგებობები.

"არ ჰქვია მეგობრებო 90-იანი წლების მოვლენებს სამოქალაქო ომი. ეს იყო პუტჩი, სამხედრო გადატრიალება, რუსული ოკუპაციის პირველი ტალღა, რომლის სადავეებთანაც, რუსებთან ერთად, დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის ბევრი გამოჩენილი ლიდერი და სხვა სახეები იდგნენ. მათ შორის ავტომატებით შეიარაღებულები. " - წერს თვითერზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში