უცხოეთის სიახლეები

30 დეკემბერი 2020, 20:00 1223 ნახვა

ლატვიაში  კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული   საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 7 თებერვლამდე გაახანგრძლივეს.   ახალი წლისა და შობის  ღამეს კომენდანტის საათი იმოქმედებს.  გადაწყვეტილება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 30 დეკემბრიდან 4 იანვრამდე და ასევე 8,9 იანვარს  22 საათიდან დილის 5 საათამდე ყველა მოქალაქე სახლში  უნდა დარჩეს.

ლოს-ანჯელესში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა  რეკორდული მატების  გამო   კოვიდ-პაციენტებს  სუვენირის მაღაზიებსა და კონფერენც-დარბაზებში აწვენენ. კალიფორნიის შტატის სამხრეთში ბოლო 16 დღის განმავლობაში რეკორდული სისწრაფით მოიმატა იმ ინფიცირებულთა რაოდენობამ,  რომლებსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროებათ. საავადმყოფოების 94 პროცენტი იძულებულია სასწრაფო დახმარების მანქანები გადაამისამართონ, ვინაიდან  არ შეუძლიათ პაციენტების მიღება.  აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის გამო ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 124 ათას 686 კოვიდინფიცირებულს, რაც ქვეყნისთვის  რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი- 3 ათას 708 შემთხვევა დაფიქისრდა.

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო პფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის მიღების შემდეგ კიდევ ერთი ლეტალური შედეგი დაფიქსირდა. მამაკაცი იერუსალიმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - წერს ადგილობრივი მედია.  ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის  ქრონიკული, კომპლექსური და რთული პრობლემები ჰქონდა.  ორშაბათს 28 დეკემბერს ცნობილი გახდა  ისრაელში 75 წლის  მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, რომელიც პფაიზერის პრეპარატით აცრის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.  ისრაელში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს დაიწყო.

უკრაინა ჩინურ ვაქცინას შეისყიდის.  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ  კომპანია სინოვაკ-ბიოტეკთან  ვაქცინის მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმა.  უკრაინას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩინური ვაქცინის ერთი მილიონ 800 ათასი დოზა უნდა მიეწოდოს.  ვაქცინის ერთი დოზის ფასი 504 გრივნაა. კონტრაქტის თანახმად, ვაქცინის პირველი პარტია- 700 ათასი დოზა უკრაინას პრეპარატის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ  30 დღის განმავლობაში მიეწოდება.

50 ჟურნალისტი მოკლეს 2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მონაცემები  საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ჟურნალისტების უმეტესი ნაწილი იმ ქვეყნებში მოკლეს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი ან საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. „გარდაცვლილი ჟურნალისტების 68%-ი  არა ომის, არამედ მათი გამოძიების და მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის უსიამოვნებების შექმნის გამო დაიღუპნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.  ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაშია,  სადაც 2020 წელს 8 ჟურნალისტი მოკლეს, შემდეგია ერაყი - 6 მოკლული ჟურნალისტით, ავღანეთი - 5 -ით, პაკისტანი  და ინდოეთი - 4-4 მოკლული ჟურნალისტით. 2020 წელს 7 ჟურნალისტი დაიღუპა საპროტესტო აქციების გაშუქებისას. მსოფლიოში საკუთარი საქმიანობის გამო 387 ჟურნალისტია დაკავებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში