საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

05 იანვარი 2021, 10:11 1118 ნახვა

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

'' პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც მოიცავს შემდეგს:

ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;

სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;

სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;

საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.

პრემიერმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული 2 ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში