ქობულეთის ''შუქურა'' შემადგენლობას აძლიერებს

14 იანვარი 2021, 11:30 1517 ნახვა

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის ''შუქურა'' სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

ქობულეთური გუნდის შემადგენლობას კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატა.

ახალი სეზონიდან ''შუქურას'' მაისურით მცველები ნიკა ჭანტურია და გიორგი რეხვიაშვილი ითამაშებენ.  24 წლის ნიკა ჭანტურია სხვადასხვა დროს  თბილისის "ლოკომოტივის", ქუთაისის "ტორპედოსა'' და თილისის  "დინამოს" ღირსებას იცავდა.

ბოლო ხუთი სეზონი ეროვნული ლიგის ბინადარ თბილისის "ლოკომოტივში" ჩაატარა, გასულ ჩემპიონატში მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. ჭანტურია საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და კაპიტანი იყო.                                                                                    

მეორე ახალწვეული 32 წლის გიორგი რეხვიაშვილია.  ის სხვადასხვა დროს რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში" , "ჩიხურაში", თურქულ "ბოლუსფორში", თბილისის "ლოკომოტივში", "საბურთალოში", ბერძნულ "ლევადიაკოსში" თამაშობდა.  

გასული სეზონი რეხვიაშვილმა ლატვიის "ვენტსპილსში" გაატარა და 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს ორი ტრანსფერი ქობულეთის ''შუქურამ''  ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანული სააგენტოს ''ტრანსფერმარკეტის'' ინფორმაციით კი ქობულეთის ''შუქურამ'' კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ბრაზილიელ ჯასინტო ჯუნიორ კაბრალტანთან  გააფორმა კონტრაქტი. ჯასინტო 28 წლისაა და  ცენტრფორვარდია. ის  წარსულში ბრაზილიის სხვადასხვა ჩემპიონატში ასპარეზობდა. ევროპაში კი მალტის , ნორვეგიის და ჩრ. მაკედონიის ჩემპიონატში ასპარეზობდა.                                                                                        ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ''შუქურამ'' გია ჩადუნელი, ლევან ინგოროყვა, მიხეილ სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი დაიმატა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში