დღეს გვჭირდება პასუხი, როდის იხსნება სასტუმროები, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - შალვა ალავერდაშვილი

15 იანვარი 2021, 12:45 2430 ნახვა

ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ, მოკვდა - ეს არის რეალობა. ამ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ სექტორის აღდგენაზე - ეს განცხადება „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავრდაშვილმა გააკეთა. იგი ამბობს, რომ ელოდებიან მთავრობის კონკრეტულ პასუხს, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. 

''ველოდებოდით და ველოდებით თებერვლიდან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. პირველ თებერვალს, რომ ვიღაც გვეტყვის რა იქნება შემდეგ, ასე არ ხდება. დღესვე გვჭირდება პასუხი, რომ დავგეგმოთ თებერვალი. მოვემზადოთ თუ არ მოვემზადოთ. სტუმარსაც სჭირდება ჩამოყალიბება, ისვენებს თუ არ ისვენებს, სად წავიდეს რომელ სასტუმროში. თუ ვიხსნებით რეკლამირება უნდა  დავიწყოთ, პერსონალი შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ ობიექტი. უნდა ვიცოდეთ როგორია სექტორის აღდგენის გეგმა. 

არ მინდა დათვური სამსახური გავწიო, მაგრამ წადით და ნახეთ რა ხდება ბაკურიანში.. ამ წუთში ჩაკეტილია, მაგრამ რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის სავსე. რა გავაკეთეთ? იყო თეთრი ეკონომიკა და გადავედით შავზე, დავბრუნდით 90 წლებში'' - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი. 

გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე - ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა - ამბობს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი. შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, მოთხოვნა არის, ტურისტები მზად არიან საქართველოში ჩამოვიდნენ ყველა რეგულაციის და წესის დაცვით. 

''ეს ფრაზა დავივიწყოთ და ვთქვათ ახალი ფრაზა, რომელიც ეპიდემიოლოგების მოგონილია: ''ვისწავლოთ  კოვიდთან ერთად ცხოვრება''. დავჯდეთ ერთად ვიმუშაოთ , შემოვიღოთ რეგულაცია, წესებს დავიცავთ, არავინ არ არის ამის წინააღმდეგი, ამისთვის დიდი თანხა დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ. ვიცით როგორ გავხსნათ სასტუმროები, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია. გუშინწინდელი განცხადებით მივხვდით, რომ ტურიზმი პრიორიტეტებში აღარ არის. 

იდეა გვაქვს შემოვიყვანოთ კოვიდგამოვლილი ტურისტები, ან ვაქცინაცია ჩატარებულები. იქნება ,,ნოუ ჰაუ'' მსოფლიოში. იყოს ასეც...

აღვადგინოთ ტურიზმი ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, დუბაიმ. არ ჩაკეტა ტურიზმი.

მარტის მეორე ნახევარში არის მოთხოვნა. უამრავი პარტნიორი მყავს ყაზახეთში, დოჰაში, დუბაიში, რომლებსაც უდნათ საქართველოში ჩამოსვლა და მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ჩარტერების მოთხოვნაზეა საუბარი. ისინი ჩვენ გვეკითხებიან რა გავაკეთოთ? თუ გინდათ თქვენი ექიმები ჩამოიყვანეთ და ფულს ჩვენ გადავიხდით, მთავარია ვიცოდეთ რა რეგულაციები გჭირდებათ. ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მინიმუმ შეგვიძლია შემოვიტანოთ 10 მილიონ დოლარზე მეტი. გვაქვს ნების პრობლემა, ფულს არ ვითხოვთ'' - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით ოთხშაბათს იგეგმება დიდი შეხვედრის გამართვა, რომელსაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

''ოთხშაბათს ბევრი სექტორი იქნება ერთად, ეს არის დისტრიბუტორთა ასოციაცია, მოლები, დამსაქმებლები. უნდა ვთქვათ ერთად, რომ ესე ცხოვრება არ შეიძლება სირაქლემას პოზაში. დავიმალოთ და ველოდოთ, იქნებ მოვიდეს თებერვლის ბოლოს მესამე ტალღა და ვიჯდეთ სახლში. ველოდებით - რას ნიშნავს გზაშია და მოდის? კონკრეტული პასუხები გვჭირდება და ველოდებით გადაწყვეტილებას'' - ამბობს შალვა ალავერდაშვილი. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში