ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა აქვს - ამირან გამყრელიძე

15 იანვარი 2021, 15:59 1179 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა აქვს. ამირან გამყრელიძის თქმით, კოვაქსი საქართველოს პირველ ეტაპზე მილიონ 400 000 დოზას მიაწვდის.  საქართველოს ვაქცინაციის გეგმა კი მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. 

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან. 

''კოვაქს ფლატფორმაზე საქართველოს შენატანი გაკეთებული აქვს, როდესაც კოვაქსი დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას ქვეყნებისთვის, შესაბამისად ყველა ქვეყანას, წლის განმავლობაში თანდათანობით მიაწვდის  საჭირო ვაქცინების 20 %. ჩვენთვის ეს დათვლილია დაახლოებით 700 000 ადამიანი, მილიონ 400 000 დოზა. 

კოვაქსის სამართლიანობის პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60% არის გათვლილი, ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები. ამიტომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია, ვაქცინების დაახლოებით ფასი, სერვისის ღირებულება და სხვა დამხმარე საჭიროებები - ეს მერყეობს დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონამდე. 

ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. ეს ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ  ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ საზოგადოებაში იყოს სოლიდარობა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაციის გეგმაში რვა ძირითადი მიმართულებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში