ბუკნარში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. მოსახლეობა კონფლიქტის აღმოფხვრასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდა. შეხვედრა, რომელსაც სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და დაპირისპირებული მხარეები ესწრებოდნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ამბობენ, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ, ცხოვრება და ლოცვა კი ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება დღეს განახლდა. მანამდე კი ქრისტიანულ ტაძარსა და მუსლიმი თემის მიერ, სალოცავად შეძენილ სახლში, რელიგიური რიტუალები შესრულდა.
დღეს, საკითხს პრემიერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოქალაქეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს.
მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც.