საქართველოში ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

18 იანვარი 2021, 10:44 1064 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალი იყო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

''ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა  აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი უწყვეტი და ცენტრალიზებულია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კი პროაქტიურად უკავშირდებოდა იმ პირებს, რომელთა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შეცდომები ან შეუსაბამობები ფიქსირდებოდა, რათა მათი საარჩევნო სიებში შეყვანა გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების გადამოწმებისა და მათი გასწორების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდათ.

ევროსაბჭოს ასამბლეის მხრიდან ეს შეფასება იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით გატარებული სამუშაოების შედეგია.

2013 წელს სააგენტომ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს  საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა, შედეგად,

·  გამოვლენილია 10 500-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემები და ისინი ამოღებულია სიიდან;

·  იდენტიფიცირებული და  გაუქმებულია 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

·  საველე სამუშაოების შედეგად მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე აღებულია ბიომეტრიული მონაცემები და ბაზაში აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან საქართველოში ამომრჩეველთა ბიომეტრიული სია მოქმედებს და თითოელი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს თან ერთვის ბიომეტრიული ფოტოსურათი.

სწორედ ამომრჩეველთა სიების დახვეწა იყო იმ  ღონისძიებების ერთ ერთი მთავარი მიზანი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-9 წელია  ბიომეტრიული დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს, შედეგად კი 2 888 436  მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 747 573 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე იყო წარმოდგენილი ბიომეტრიული ფოტოსურათით, მაშინ, როცა 2012 წელს  ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში