ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა და მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება - თამარ გაბუნია 

18 იანვარი 2021, 13:07 1529 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. თამარ გაბუნიას თქმით, პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა.

„პარასკევს დასრულდა მუშაობა ვაქცინის დანერგვის გეგმაზე. ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. 82 სპეციალისტი იყო ჩართული პროცესში. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება. ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომელში შემავალ პირებსაც რისკი მაღალი არ აქვთ, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა.

სამიზნე მაჩვენებელი ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური მაჩვენებელი, რასაც გვინდა მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რაც იქნება გარანტია იმისათვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში.

რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები, ვისაც ასევე მაღალი რისკი აქვს.

საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა. დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებაც. როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე გეგმა მასაც გაითვალისწინებს. დოკუმენტში არის დაკონკრეტებული ძალიან მკაფიოდ, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, „კოვაქსისპლატფორმასთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება პირველი დოზების ამ წლის პირველ კვარტალში მიღების თაობაზე.

''ამისთვის პარასკევს სამინისტრომ გააგზავნა წერილი. დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი „კოვაქსის„ პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება „კოვაქსის“ პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებით. მთვარია, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში