ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

21 იანვარი 2021, 16:10 1439 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ და შემოვლით გზებზე  მოძრაობა აღდგენილია. ამ დრომდე თოვს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი აცხადებს, გუშინ გაწმენდილი გზები, გვიან საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა დაფარა. ამ დროისთვის, ყველაზე კრიტიკული მონაკვეთია დაგვა, კვირიკე, ზენითის მაღალი ზონის სოფლები, სადაც 8 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.   დღის ბოლომდე, თუ ინტენისური თოვა გაგრძელდება, შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს ვითარება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია, სტიქიასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სამსახური და მუნიციპალიტეტის ბალანსზე  არსებული 4 ერთეული მძიმე ტექნიკა. როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, ამ დროისათვის, მაღალი ზონის სოფლებში დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, სოფელ ჩაისუბანსა და ჩაქვის თავში, 250 აბონენტს,  ამ დრომდე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. თოვლმა დააზიანა ელექტრო სადენები.  „ენერგო პრო-ჯორჯიას“ სპეციალური სამსახურების მიერ  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათვე განმარტებით, უახლოეს საათებში აღდგება ელექტროენერგიის   მიწოდება.

უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც. პრობლემა ჩაქვში დაფიქსირდა, გაზმომარაგება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება.

საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ რომ ყველა ექსტრემალურ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. რაც შეეხება ამ წუთის მონაცემებს, ამჟამად ყველაზე კრიტიკული მონაკვეთია სოფლები: ქვედა აჭყვა, გორგაძეები, დაგვა, მე-6 ბრიგადის დასახლება, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს. ცნობისთვის, ქობულეთის, ციხისძირი, ბუკნარი,  ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა  აღდგენილია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში