ბათუმის სარაგბო გუნდმა ''არმაზი'' დაამარცხა

24 იანვარი 2021, 18:56 1604 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" მარნეულის "არმაზს" გასვლაზე 31-10 მოუგო. ბათუმელებმა გამარჯვებით ბონუსიც მიითვალეს.

„ბ“ კი ჯგუფში ლიდერთა სამეული გამოკვეთა. „შევარდენზე“ გამართულ მატჩში "არმაზი" რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაწინაურდა. ბათუმელებმა მარცხენა ფრთაზე ბურთი ხელდახელ გაითამაშეს და ანზორ სიჭინავამ ლელო ალამთან გაიტანა.

სტუმრებმა ტაიმი მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლნენ და ვაჟა თაგაურმა თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. მერე ფრთაზე დავით ტრაპაიძე გაიქცა და ლელოში ზურაბ თუთბერიძე შეუშვა, ბექა ურჯუკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა.

"ბათუმი" არც ამის შემდეგ გაჩერდა და 62-ე წუთზე გიორგი გოგიტიძემ "ბათუმის" ბონუსი გაამყარა. ლუკა მატკავამ მეტოქეს 22-იდან ფეხით გამოსვლისას დაუფარა და ერთადერთ საპასუხო ლელოს გარდასახვაც მიაყოლა, მაგრამ სულ ბოლოს ლელო ხვიჩა ბუჯიაშვილმა გაიტანა და ურჯუკაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა. 7 ტურის შემდეგ "ბათუმს" 16 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილს ბოლნისის "ყოჩებთან" იყოფს. შემდეგ ტურში ბათუმი სწორედ "ყოჩებს" დაუპირსპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში