სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მოთხოვნების გადახედვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება - მთავრობა

27 იანვარი 2021, 15:21 1267 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური გუნდის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა - ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, ქონებრივ გადასახადზე შეღავათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და „კომენდანტის საათის" გადაწევა იყო.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ მოხდება.

"შეხვედრის თემა იყო, თუ როგორ უნდა იფუნქციონირონ სავაჭრო ცენტრებმა, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია ოპერირების წესებში არსებული შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება, მაგალითად როგორც იცით საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც 1 თებერვლიდან შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება, ისევე როგორც , გადაიხედება 1 კვადრატულ მეტრზე ადამიანთა დაშვებული რაოდენობა. რაც შეეხება შაბათ -კვირის შეზღუდვას, გადაადგილების შეზღუდვას და ,,კომენდანტის საათს'', ჩვენ მაქსიმალურად ავხსენით ამ გადაწყვეტილებების ლოგიკა, გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით უნდა დავაკომპენსიროთ გარკვეული შეზღუდვებით. თუმცა როგორც საზოგადეობას, ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი კვირის განმავლობაში შემცირდება 4%-მდე, ჩვენ შევძლებთ უფრო  სწრაფად და მეტად თამამი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგიური ფონის დეტალურ ანალიზს და ამიტომ , ამ გადაწყვეტილებების გადახედვა, ამ ეტაპზე , არ არის შესაძლებელი და შესაბამისად ამაზე არც გვისაუბრია" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან წამოსულ წინადადებებზე, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, როდესაც დადებითობის მაჩვენებლი დაიკლებს.

''ჩვენ, დღეს, ავხსენით თუ რა არის სახელმწიფოს მიდგომა, ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ და ამ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს ნაკლები რისკები. ვინაიდან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე. ვიცით , ეს ჩაკეტვები რა მძიმეა ეკონომიკისთვის და აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ვითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. ამ ეტაპზე ამაზე შევთანხმდით, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებლი დაიკლებს.  ეპიდვითარებიდან გამომდინარე კვირის შვიდი დღიდან, შაბათ-კვირას მობილობა უნდა დაეცეს.  შაბათ-კვირის დღეებში სრული ლოქდაუნი იქნება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს, მაღაზიის, ბაზრობის ჩაკეტვა.

''წინასაახალწლო დღეებში, დავაკვირდით, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა გამოიჩინეს მაღალი პასუხიმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მეორე გარემოება არის ის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის პირველად საჭიროებას. აქედან გამომდინარე ეს ბიზნესი ჩამონათვალში პირველია. გვინდა  ვიყოთ მაქსმალისტები და ბიზნესს სურს ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს, მაღაზიის ბაზრობის ჩაკეტვა. 

 

ჩვენი მხრიდან იქნება დამატებით დახმარება იმაში, რომ გასახდელები იმუშავებს და საქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი შემსუბუქდება და მოიხსნება, ნორმალურ რიტმში გადავა ვაჭრობა. შაბათ -კვირის შეზღუდვა კი მაინც დარჩება ძალაში.  საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ არის. მოსახლეობაში მოთხოვნა დიდია, ამიტომ თებერვალიც იქნება ძალიან ცოცხალი თვე ვაჭრობისთვის, შემოსავლიანი და დარწმუნებული ვართ ეს ინდუსტრია მალე აღდგება'' - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში