კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ძეგლების საბჭოს წევრს შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

28 იანვარი 2021, 12:52 2160 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ძეგლების საბჭოს წევრს შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება 22 იანვრით თარიღდება და ის ადრესატმა, ელექტრონული ფოსტით ცოტა ხნის წინ მიიღო. 

შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ზაურ ახვლედიანმა და თორნიკე რიჟვაძემ ''გული მოიფხანეს''.  მისივე თქმით, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. 

''ბრძანება თარიღდება 22 იანვრით, როდესაც ,,ამბასადორის '' ამბები დაიწყო. მეორე დღეს დაწერა ეტყობა ბარძანება, გუჯაბიძე არის სატანა და მოვიშოროთო. მიზეზად წერია, რომ  ვახდენ სააგენტოს დისკრედიტაციას. მხოლოდ ,,ამბასადორს'' არ უკავშირდება, შეიძლება ეს იყო ბოლო წვეთი. ზაურ ახვლედიანი სულ იძახდა, რომ უნდა მომხსნას. თურმე საბჭოში დიდი ხანია ვარ, არადა ჩემზე ძველი წევრებიც არიან საბჭოში, ხანდაზმულობას კანონი არ არეგულირებს. ცხადია, რომ არ მოვწონვარ არც ახვლედიანს და არც რიჟვაძეს. უბრალოდ ამ გადაწყვეტილებით  ,,გული მოიფხანეს''. 

გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა გავასაჩივრებ. ბევრი კანონდარღვევა იქნება ამ პროცედურაში. ეს ქალაქი რიჟვაძის და ახვლედიანი არ არის, რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძლებ. ეს ადამიანები პასუხს აგებენ, არა იმის გამო, რომ მომხსნეს, იმის გამო რასაც აკეთებენ. 

კვალიფიკაციაზე როცა არის საუბარი, ძალიან ბუნდოვნად უწერიათ პრინციპში, დარწმუნებული ვარ ამას იურისტები დისკრედიტაციათ შეაფასებენ იურისტები. ცოდნა მაქვს, წიგნები მაქვს წაკითხული და მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ძეგლთა დაცვის ორგანიზაციის წევრი ვარ. მომხსნეს იმიტომ რომ არ მიყვარს თორნიკე რიჟვაძე'' - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ. 

სააგენტოს ბრძანებაში წერია, რომ შოთა გუჯაბიძეს ორგანიზაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს. 

"საბჭოს წევრს საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე ევალება კვალიფიციური შეფასება გააკეთოს თითოეულ განსახილველ საკითხზე და მისცეს დირექტორს რეკომენდაცია საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე. სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ იქნა გამოთქმული თხოვნა საბჭოს რიგითი წევრების მიმართ, რათა კონკრეტულ საკითხზე ნებართვის მაძიებელს მიეცეს სწორი და ადეკვატური შეფასება. სამწუხაროდ, ოქმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში შესამჩნევია, რომ საბჭოს წევრი „საზოგადოება ბათომიდან“  შოთა გუჯაბიძე ახორციელებს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ძირითადად დაკავებულია სააგენტოს მართვის სისტემის შეფასებით და არ ახორციელებს კონკრეტულ, პროფესიულ შეფასებებს პროექტებიდან გამომდინარე. საბჭოს სხდომის ოქმებში ნათლად იკითხება, რომ შოთა გუჯაბიძე საბჭოს სხვა წევრების მიმართ გამოხატავს შეურაცხმყოფელ შენიშვნებს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რაცხავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენებად, რაც მიგვაჩნია, რომ არის ცილისმწამებლური გამონათქვამები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ, შეწყვეტილ იქნეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სათათბირო ორგანოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის უფლებამოსილება"- წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აჭრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი აწერს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში