ღია ბაზრობების წარმომადგენლები პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლებას ითხოვენ

28 იანვარი 2021, 14:13 1520 ნახვა

 

ღია ბაზრობების წარმომადგენლები პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებიან. 

ბაზრობის ხელმძღვანელები შერჩევით გახსნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი მზად არიან რეგულაციების დაცვით მაღაზიები გახსნან. 

''დაანონსებული იყო და უნდა გავხსნილიყავით პირველ თებერვალს. შესაბამისად მომზადებულები ვიყავით. გაკეთდა ყველაფერი და ვემზადებოდით ტესტირებისთვის. უეცრად გვითხრეს, რომ 15 თებერვლისთვის გადაიდო გახსნა. დღეს მოსულები ვართ და გვაინტერესებს ახალი ინფორმაცია. რა მიზეზით  გადაიდო, რატომ გვბლოკავენ? ღია სივრცეში მუშაობაზეა საუბარი.

წინადადებები გახმოვანებულიც გვაქვს და გადაგზავნილიც. ჯერ-ჯერობით არაფერს არ ითვალისწინებენ. თანახმა ვართ ტესტირებაზე, გამოგვიცხადეს, რომ ნაწილს დააფინანსებდნენ, ნაწილის ხარჯებს ჩვენ გადავიხდით, ბაზრობის დირექცია ამ მოთხოვნაზე თანახმაა. 

დაანონსებულია გახსნა 15 თებერვალს, ჩვენ კი გვინდა, რომ შერჩევითი გახსნა არ იყოს და ღია ბაზრობებიც მოლებთან ერთად ამუშავდეს. თუ პირველიდან არა, სამი თებერვლიდან მაინც, იმიტომ რომ ხალხი უკვე უკიდურეს მდგომარეობაშია. 

იყო საუბარი, რომ პირველში თვითნებურად გაიხსნებიან... უამრავი მოვაჭრეა ხელმოცარული. ყველაფერი დამოკიდებულია რას გვეტყვიან დღეს'' - განაცხადა ელიავას ბაზრობის დირექტორმა თენგიზ შოშიაშვილმა. 

''ჯითის“ დირექტორი კი ამბობს, რომ კრიზისის მენეჯმენტი არასწორად მიმდინარეობს, რამაც ქვეყნის გაღარიბება და ხალხის გაღატაკება გამოიწვია. 

''ახლა თუ არის ბიზნესი მომაკვდავ მდგომარეობაში, ცოტა ხანში თუ ვაქცინაცია არ დაიწყება, ჩვენ ვიხილავთ მის სრულ გარდაცვალებას. გახსნები არასწორად ხდება. არ შეიძლება ღია სივრცეებს არ ქონდეს პრივილეგია, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება და დახურულ სივრცეებს ჰქონდეთ.

ჯერ გვითხრეს, რომ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, მერე გვითხრეს, რომ 15 იანვარს, მერე 1 თებერვალს, ახლა გვეუბნებიან 15 თებერვალსო და ასე გრძელდება განუწყვეტლივ და ასე გაგრძელდება ეს ჩაკეტვები"- განაცხადა  ''ჯითის“ დირექტორ თეა ანდრიაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში