შოთა გუჯაბიძის გათავისუფლება ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას და კრიტიკას უკავშირდება - ბათომი 

28 იანვარი 2021, 15:09 1119 ნახვა

ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას განცხადებით ეხმაურება. 

დოკუმენტში წერია, რომ მიღებული გადაწყვეტილება შოთა გუჯაბიძის დასჯას ემსახურება, რომელიც ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კრიტიკის შემდგომ დაითხოვეს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, “საზოგადოება ბათომის” წარმომადგენელს, შოთა გუჯაბიძეს, ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კრიტიკის შემდგომ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა.

22 იანვარს გამოცემული ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძეს სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა ზაურ ახვლედიანმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო სააგენტოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განიხილავს.

სწორედ ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, 21 იანვარს მოიწონა ბათუმის ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის ტერიტორიაზე, 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. გადაწყვეტილებას კი შოთა გუჯაბიძე ღიად დაუპირისპირდა - გადაწყვეტილების უკანონობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო.

დღეს, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა თვითნებურად, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც ცალსახად დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება საბჭოს სხვა წევრების დაშინების მცდელობაცაა მომავალში კრიტიკული მოსაზრებების თავიდან ასაცილებლად.

საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ხდება, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული სამინისტროსთან.

“საზოგადოება ბათომი” ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს, რათა სააგენტოს თავმჯდომარემ ვერ მოახერხოს მსგავსი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება და სააგენტოს უკანონო პოლიტიკის მიმართ ლეგიტიმური კრიტიკის თვითნებური ჩახშობა'' - წერია განცხადებაში. 

სააგენტოს ბრძანებაში წერია, რომ შოთა გუჯაბიძე ორგანიზაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში