ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

30 იანვარი 2021, 15:38 1344 ნახვა

ზუგდიდის ე.წ. საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. მაშველებმა ავარიული შენობის ნანგრევებში მოყოლილი არასრულწლოვანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო, ახლა ის კლინიკაშია გადაყვანილი.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება“, - აღნიშნულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში