დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა - ნათია თურნავა

01 თებერვალი 2021, 14:56 875 ნახვა

,,დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება - მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნათან დაკავშირებით, კომენტარისას, განაცხადა.

მისივე განცხადებით, აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია,დღეიდან გაიხსნა სარესტორნე ინდუსტრია და კაფეები ღია სივრცეში, ასევე განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა.

„ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია, თუ რა წარმატებით წავა შემდგომი გახსნის გეგმა. როგორც იცით, რიგში დგანან ბაზრობები, რომლებიც მალე გაიხსნება. ასევე დანარჩენ დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სარესტორნე ინდუსტრია ელოდება გახსნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესაქტივობის გახსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ დღეიდან გაიხსნა საერთაშორისო რეგულარული ფრენებიც.

„შემსუბუქდა შემოყვანის რეჟიმი და როგორც იცით, შეზღუდვის გარეშე ვმასპინძლობთ ნებისიმერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ვისაც ვაქცინაციის ცნობა ექნება, ხოლო საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პისიარ ტესტით და მესამე დღეს ტესტირების ვალდებულებით შეეძლებათ შემოსვლა, რაც გვაძლევს საშუალებას, თანდათან მეტი ტურისტული ნაკადი მივიღოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში