მთავარი მსოფლიოში

02 თებერვალი 2021, 20:00 1540 ნახვა

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ივ როშეს საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელის  რეალურით  -3 წლითა და 5 თვით პატიმრობით შეცვლას  მოითხოვს.  სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას  ნავალნიმ აღნიშნა, რომ ივ როშეს საქმე მთლიანად შეთითხნილია, რაც ევროპულმა სასამართლო დაამტკიცა. ახლა კი მის დაპატიმრებას ცდილობენ იმ საქმეზე, რომლითაც იგი უდანაშაულოდაა ცნობილი. ვიღაცას უნდა, რომ მე ერთი ნაბიჯიც არ გადავდგა ამ ქვეყანაში დაბრუნებულმა. მიზეზი  ბუნკერში მცხოვრები პატარა კაცის შიში და სიძულვილია-განაცხადა ნავალნიმ.  სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო გადაღება აუკრძალეს.  შენობის გარეთ კი გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.  ჯერ კიდევ სასამართლო სხდომის დაწყებამდე  ძალოვნებმა ნავალნის მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყეს.

ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების დასწრებას ქვეყნის  შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს ოფიციალური მოსკოვი.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა  მარია ზახაროვამ  სოციალურ ქსელში დაწერა.     ზახაროვას ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ლატვიისა დაა ავსტრიის საელჩოების ოცამდე წარმომადგენელი მივიდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კი   ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია „სისულელეს არ ჩაიდენს“ და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების პერსპექტივებს ალექსეი ნავალნის საქმესთან არ დააკავშირებს– განაცხადა პესკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ტელეფონით ესაუბრა და  განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა კიევს ეკონომიკური და სამხედრო, მათ შორის  ლეტალური იარაღის მიწოდების კუთხითაც მხარდაჭერა გაუწიოს.  ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ერთობლივ ძალისხმევას ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. 

ვიეტნამში კოვიდ-19-ის აფეთქების მიზეზად, რომელიც ქვეყნის 10 პროვინციასა და ქალაქშია გავრცელებული,  კორონავირუსის უფრო გადამდებ  ბრიტანულ  შტამს ასახელებენ.  ამის შესახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს.   მისი  თქმით,  კოვიდ-19-ის  276 ახალი შემთხვევიდან 12 ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული.    ამ დაავადების წყარო უცნობი რჩება.    ვიეტნამში  მასშტაბური ტესტირებისა და მკაცრი კარანტინის შედეგად  სულ ათას 851 კოვიდშემთხვევაა რეგისტრირებული,    გარდაიცვალა 35 პაციენტი.  30 იანვარს ქვეყანაში ასტრაზენეკას  ვაქცინის გამოყენება დაუშვეს.  ვიეტნამის მთავრობა ფარმაცევტულ კომპანიასთან ვაქცინის 30 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ  მოლაპარაკებებს მართავს.

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილ  ამერიკელთა რიცხვმა კოვიდინფიცირებულების რიცხვს  გადააჭარბა. ანტივირუსული ვაქცინის ერთი  ან   ორივე დოზა   26 მილიონ 500 ათასმა ამერიკელმა უკვე  მიიღო. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაშიკოვიდ-19-ის  26 მილიონ 200 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 443 ათას 35 პაციენტი.  დაავადების ახალ შემთხვევათა საშუალო რაოდენობა 8 იანვარს პიკის დაფიქსირების შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად  მცირდება. თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი ჯერ ისევ მაღალი რჩება.  იანვარში საშუალოდ ყოველდღიურად გარდაცვალების 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში