დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი საბანკო ამონაწერები დაამზადა

09 თებერვალი 2021, 10:19 1113 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში