​​​​​​​სოფელ კირნათში მცხოვრები ოჯახები მიწების დატბორვის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ

10 თებერვალი 2021, 13:21 1588 ნახვა

სოფელ კირნათში მცხოვრები ოჯახები მიწების დატბორვის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ ''კირნათი ჰესის'' მშენებლობის დროს, დაიტბორა ნაკვეთები, რომელიც სარგებლობაში ჰქონდათ და წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. 

მოქალაქეები იხსენებენ, რომ მშენებლობის დაწყებამდე შედგა რუკა, აიზომა ნაკვეთები და კომპენსაციის ნაწილიც გაიცა. იყო დაპირება, რომ მოსახლეობა ფინანსურ დახმარებას მეორე ეტაპზეც მიიღებდა, თუმცა ამბობენ, რომ თანხა აღარ მიუღიათ. 

​"3 წელია ვუყურებ ფანჯრიდან ჩემს მიწას და ვერ ვსარგებლობ. 2500 კვ.მ მიწა გვაქვს გაფორმებული 10 სულს.  10 სულმა როგორ ვიცხოვროთ ამ მიწით? დანარჩენი კომპანიას მიაქვს და არ გვაკმაყოფილებენ. შეიძლება სოფელში იცხოვრო მიწის გარეშე? ვუცდით მთავრობის გადაწყვეტილებას 15 თებერვლამდე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ ვიმოქმედებთ. არ გავჩერდებით! ჩვენს მიწას ფანჯრიდან ვხედავთ და ვერ ვამუშავებთ, ადრე ბოსტანი გვქონდა, სიმინდი. თანხის ნახევარი გადაგვიხადეს. მეორე ეტაპზე უნდა მოგვწეოდა კომპენსაციის მეორე ნაწილი და დღემდე არ მიგვიღია.  კომპანია არ გვღებულობს, გვეუბნებიან, რომ მთავრობამ მოგვიტანოს თქვენი ნახაზები და აგინაზღაურებთო. მთავრობაში გვეუბნებიან, რომ კომპანია არ გაძლევთო და გვათამაშებენ"- აცხადებს ნათელა ჯიხაძე.

ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც ესწრებოდა. ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად ვადას ორშაბათამდე აძლევენ. 

''მოსახლეობამ ამ პროექტის განხორციელებას თავიდან ხელი არ შეუშალა. ინვესტორი მოდის ამ ხეობას ანადგურებს, ართმევს მოსახლოებას საკუთარ მიწა-წყალს, სახლ-კარს, საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, რომელიც ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა . არავინ ეუბნება ამ ხალხს როგორ უნდა იარსებოს და იცხოვროს. გასაგებია ინვესტორი საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია საკუთარი მოსახლეობის ინტერესები უფრო მაღლა დააყენოს. ნებისმიერი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი უნდა განხორციელდეს მოსახლეობასთან შეთანხმებით. აქ შეთანხმება კი არა მოქალაქეების დაცინვა და აბუჩად აგდებაა. 

ხელისუფლებას რამდენიმე დღის ვადას ვაძლევთ, თუ კომპანიასთან ერთად არ განიხილავს თითოეული ამ ოჯახის საქმეს, მაშინ სხვა გზას მივმართავთ'' - განაცხადა ბაკურიძემ. 

ხელვაჩაურის მერის განცხადებით, კომპენსაციის მეორე ეტაპის შესახებ არ იცის. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ კომპანიამ მოსახლეობას კომპენსაცია მისცა. 

'' 2015-2016 წლებში  კომისიის წევრებმა  შეისწავლეს ტერიტორიები. კომისიაში იყო ადგილობრივებიც, როგორც კირნათის, ისე მარადიდის. კომპენსაციის მეორე ეტაპი თუ იყო ძველი რუკით გათვალისწინებული არაფერი ვიცი. კომისიამ იმუშავა, მიაწოდა საკადასტრო კოდები კომპანიას, მათ კი გადაიხადეს კომპენსაცია ეს ინფორმაცია მაქვს.

ჩვენი შემდგომი ჩართვა ამ საკითხში განხილვის თემა იქნება. იყო რიგი პრეტენზიებისა, რომლებიც განიხილა კომისიამ, ზოგზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ზოგი უარყოფილი იქნა. გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ იყო სავარგულები და არ იყო სახნავ-სათესი ტერიტორია'' - ამბობს მერი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში