გერმანიაში დასაქმების სურვილი ორ დღეში 53 274 პირმა გამოთქვა - რა პირობებს სთავაზობს მათ პროგრამა

16 თებერვალი 2021, 15:55 44839 ნახვა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა  53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121 პირმა.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

სეზონური სამუშაოს მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 საათს კვირაში. ზოგადად, სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა (სამუშაო საათები კვირაში ან თვეში) აისახება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.

სამუშაო უნდა ანაზღაურდეს სულ მცირე გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი - 5%.

ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი). გამომუშავების მიხედვით ანაზღაურებისას მხედველობაში მიიღება შეგროვებული მოსავლის რაოდენობა. 

სასურველია, რომ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველი პირი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). უფრო კონკრეტულად, ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს თავად დამსაქმებელი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში