წარდგენილი კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს - ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეზე

16 თებერვალი 2021, 17:07 1621 ნახვა

საბჭოს შემადგენლობაში იმ პირის წარმოდგენა, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრობა, მითუმეტეს როდესაც აღნიშნული კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ვერ იქნება შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობის წინაპირობა - ასე უპასუხა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა  ძეგლების საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ შოთა გუჯაბიძის წარდგენას. 

ზაურ ახვლედიანმა საკუთარი უარი რამდენიმე გარემოებით ახსნა. ერთ-ერთ არგუმენტად კი დაასახელა, რომ შოთა გუჯაბიძე ვერ აკმაყოფილებს საბჭოს წევრობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

"წარდგენილი კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს საბჭოს წევრობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. წარმოდგენილ პირს გააჩნია სამშენებლო და კინოსარეჟისორო განათლება, რაც არ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს. განგიმარტავთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო მსჯელობს საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელსაც ნებართვის მისაღებად წარმოადგენს ნებართვის მაძიებელი ან ნებართვის მფლობელი. საბჭოში მსჯელობის შედეგად რეკომენდაცია ნებართვის გაცემაზე ან უარის თქმაზე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს.

ვინაიდან აჭარის სააგენტოში განიხილება მხოლოდ ურბანული ძეგლების სანებართვო დოკუმენტაცია, შესაბამისად საბჭოს წევრობისათვის დადგენილ იქნა განსაზღვრული პროფესიები, რათა წევრებს ჰქონოდათ კომპეტენცია პროფესიულ ჭრილში განეხილათ წარმოდგენილი სანებართვო დოკუმენტაცია და გადაწყვეტილება არ მიღებულიყო პირის ინდივიდუალური მოწონების ან არ მოწონების პრინციპით. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საბჭოს წევრობა უნდა იყოს განსაზღვრული პროფესიული ნიშნის მიხედვით და არა ინტერესების სფეროთი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საბჭოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების მოთხოვნა არაერთხელ იქნა გაჟღერებული ,,საზოგადოება ბათომის“ წარმომადგენლების მიერ და ჩვენთვის გაუგებარია, სააგენტოს მიერ აღნიშნული კრიტერიუმების შემოღების შემდგომ რამ გამოიწვია მათი უგულვებელყოფა.

ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, ასევე იმ ფაქტზე, რომ ,,საზოგადოება ბათომის'' მიერ საბჭოს წევრის კანდიდატურად წარმოდგენილი იქნა იმ პირის კანდიდატურა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, სააგენტოს დირექტორის არგუმენტირებული გადაწყვეტილებით, შეუწყდა უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათ შორის იმ მოტივით, რომ საბჭოს კონკრეტული წევრის მიერ, ხშირ შემთხვევაში, საკითხის განხილვა ხდებოდა არაპროფესიული კუთხით. რეგულარულად ადგილი ჰქონდა არაკორექტულ გამონათქვამებს სააგენტოსა და საბჭოს სხვა წევრების მიმართ, ხელაღებით დადანაშაულებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ძეგლის განადგურებაში და ა.შ. შეგახსენებთ, რომ საბჭო წარმოადგენს დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომლის კომპლექტაციაც დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა" - წერია ,,საზოგადოება ბათომის" დირექტორისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს სააგენტოს დირექტორი აწერს.

ზაურ ახვლედიანი ორგანიზაციას მიმართვას, 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინოს კანდიდატურა, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში  კანდიდატურის წარსადგენად სხვა ორგანიზაციებს მიმართავს. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრად შოთა გუჯაბიძე ხელმეორედ გუშინ წარადგინეს.

ძეგლების საბჭოში  მას რეკომენდაციას უწევდნენ: საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველო”, "საზოგადოება ბათომი", "საქართველოს ლურჯი ფარი","ტფილისის ჰამქარი" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია''.

ახალი წესის მიხედვით, ერთი კვოტა საბჭოში კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში