გადადგა და აღიარა, რომ იგეგმებოდა ადამიანების თავისუფალ ნებაზე ძალადობა და ეს არ გააკეთა, დასაფასებელია - ნიკა მელია

18 თებერვალი 2021, 11:36 1003 ნახვა

ნიკა მელიას განცხადებით, კარგია, რომ გიორგი გახარიამ მეორედ არ გადადგა ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომელიც დღეს ადამიანების თავისუფალ ნებაზე იგეგმებოდა.

მისივე თქმით, გახარიას 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით პოლიტიკური და ადამიანური ცოდვა აქვს.

„პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციურ ერთობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი წუხილი. ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით.

ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა  არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები.

20 ივნისის ღამის ლაქას ის ვერ ჩამოირეცხავს, მაგრამ რადგან გადადგა და აღიარა, რომ იგეგმებოდა ადამიანების თავისუფალ ნებაზე ძალადობა და ეს არ გააკეთა, დასაფასებელია“,- განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში