"საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა" - სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2021, 22:50 989 ნახვა

საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აცხადებს.

"ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება, მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ, ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება, ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში