ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა, დაიტბორა ქუჩა და ავტომობილები 

19 თებერვალი 2021, 14:40 15240 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. კადრებში ჩანს, რომ წყლის ძლიერმა ნაკადმა ავტომობილები დააზიანა, რომელიც გზაზე იყო გაჩერებული. 

ქუჩის ნაწილი დატბორილია. 

მოქალაქეებმა დასახმარებლად ''ბათუმის წყალს'' მიმართეს. 

ბათუმის წყლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი.

''ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის გადაკეტვა, თუმცა ამას ცოტა დრო დასჭირდება. დაზიანების მიზეზებს მოგვიანებით დავადგენთ. ასეთი რამე ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა არ ვიცით. ვეცდებით სწრაფად მოგვარდეს პრობლემა და მოსახლეობას აღუდგეს წყლის მიწოდება'' - განაცხადა კომპანიის დირექტორმა. 

დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები. ჩამსხვრეულია მინები. მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია გრიბოედოვის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. მათვე განცხადებით, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში იწარმოებს. წყალმომარაგება დილისთვის აღდგება.

კომპანიაში ამბობენ, რომ  ავარიის არეალში, წყლის ძლიერი ჭავლის გამო დაზიანებულ ავტომობილებს, ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში