წარმოიდგინეთ, 10 000 კვების ობიექტიდან 700-მდე მუშაობს - შოთა ბურჯანაძე

22 თებერვალი 2021, 12:57 1020 ნახვა

რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ 10 000 კვების ობიექტიდან დღეს მხოლოდ 700-მდე მუშაობს. პირველ რიგში უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტები, შემდეგ რესტორნების შიდა სივრცეები, უნდა გაქუმდეს შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი გადაიწიოს.

'' ნაბიჯი უნდა იყოს სწრაფი, დროული და მიზანმიმართული. ზამთრის კურორტი უნდა გაიხსნას ზამთარში და ზაფხულის კურორტი ზაფხულში, ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, გვექნება შესაძლებლობა, რომ დღეს დამუხრუჭებულ, განადგურებულ და ლიკვიდაციის პირას მყოფ ბიზნესს შესაძლებლობა მივცეთ, რომ ნელ-ნელა აღდგეს. ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე მინდა ციფრები გითხრათ. 250 000 ადამიანი დღეს არის უმუშევარი. 8% ეკონომიკის იყო ამ სფეროდან. 3 მილიარდნახევარი დოლარის ბრუნვა იყო წელიწადში. წარმოიდგინეთ 10 000 კვების ობიექტიდან დღეს მხოლოდ 700-მდე მუშაობს. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? ეს თუ არ ამუშავდა, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება შედეგი. ქვეყნის განვითარებაზე არ არის საუბარი, როდესაც -7% არის ეკონომიკა, აქ არის საუბარი ხალხის გადარჩენაზე და შესაძლებლობაზე გაიხსნას ეკონომიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსურველებს წავიდნენ და იმუშაონ არ ეყოფა გერმანია, საბერძენეთი, ისრაელი''- ამბობს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდა აღნიშნული სექტორის წარმომადგენლები ახალ პრემიერთან შეხვედრას აღარ მოითხოვენ. 

''იდეა ფიქსი არასდროს არ არის ვიღაცასთან შეხვედრა და თვალებში ჩახედვა, ჩვენი მიზანია საუბარი თემებზე, რომელიც საჭირბოროტოა. თუ გადადგმული ნაბიჯები მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება მაშინ შეხვედრის აუცილებლოაბს ვერ ვხედავ. 

დღეს ქვეყანაში რთული სამკუთხედი გვაქვს. არის პოლიტიკური კრიზისი, კოვიდკრიზისი და ეკონომიკური კრიზისი. შეზღუდვები რაც დღეს არსებობს ეტაპობრივად უმოკლეს დროში უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური აფეთქება გარდაუვალია, ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ და ამ ვითარებაში პრემიერობის კანდიდატს აქვს შესაძლებლობა  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადადგმული ნაბიჯები საზოგადოების მხარდაჭერისთვის გააკეთოს, ეს მხარდაჭერა კი მას სჭირდება. 

ბიზნესისთვის არ არსებობს სიტუაცია, მოდი დავამუხრუჭებ და შემდეგ როცა  შესაძლებელი იქნება გავხსნათ. ეს წარმოუდგენელია. ზამთრის კურორტებზე არსებული რესტორნები და სასტუმროები, რომელიც დღეს უმოქმედოა მისი ზამთარში არ გახსნა წარმოუდგენელია. ინფრასტრუქტურა იმდენად გაფუჭდება, რომ მისი თავიდან დაწყება რთული იქნება'' - განაცხადა ბრიფინგზე ბურჯანაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში