პოლიციამ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

24 თებერვალი 2021, 10:20 964 ნახვა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი  დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში