ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა

24 თებერვალი 2021, 10:55 3910 ნახვა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ფაქტს ადასტურებენ ქობულეთის რესურსცენტრში. მადონა გოგიტიძის განცხადებით, გუშინ გეგმიური ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა 7 პედაგოგს, რის გამოც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევამდე, სკოლაში კორონავირუსი 2 მოსწავლესაც დაუდასტურდა, რის გამოც 2 კლასი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული.

"სკოლა დღეიდან დაიხურა. გუშინ მასწავლებლების გეგმიური ტესტირება ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებშიც არის დადებითის მაჩვენებელი შემთხვევები. აღნიშნულის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაწყებულია კონტაქტების მოკვლევაც. სავარაუდოდ სკოლა 2 კვირის განმავლობაში დარჩება დისტანციური სწავლების რეჟიმზე, თუმცა ზუსტი ვადები ბრძანების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი"-განაცხადა მადონა გოგოტიძემ ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში ჯამში კორონავირუსით 5 მოსწვალე და 9 მასწავლებელია ინფიცირებული. მათ ნაწილს ვირუსი წინა კვირას, ნაწილს კი გუშინ დაუდასტურდა.

მათივე განცხადებით სკოლა სრულიად დისტანციურ რეჟიმზე, სავარაუდოდ 2 კვირით დარჩება, თუმცა ისინი ედპიდსტიუაციას დააკვირდებიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა როგორც შიდა, ასევე გარე კონტაქტების დასადგენად.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში