ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა

26 თებერვალი 2021, 14:04 917 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა, ვაქცინის პირველი დოზების, რაც შეიძლება მალე მისაღებად.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებას, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებს, შეფერხებებს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში