ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

02 მარტი 2021, 11:29 3390 ნახვა

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი N39, N49, N56 და N44 სამარშუტო ხაზების მძღოლები გაიფიცნენ.

მძღოლების განცხადებით, ბათუმის მერიამ ან სამგზავრო ტარიფი უნდა გააძვიროს ან სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ.

"ჩვენ გავიფიცეთ, რადგან არაფერი კეთდება ჩვენ ხაზებზე, საგზურის გადასახადი იყო 60 ლარი, გახდა 90 ლარი, საწვავის ფასი იყო 1,60 ლარი გახდა 2, 60 ლარი, მგზავრობის ფასი იყო 60 თეთრი, გაგვიხადეს 50 თეთრი. ამ ყველაფერს ვითმენთ უკვე დიდი ხანია. მუნიციპალური ინსპექციის ხალხი დაგვისვეს მანქანაში, დათვალეს რამდენი მგზავრი გადაგვყავდა დღეში, გამოიანგარიშეს, გაარკვიეს, გაიგეს, რომ არაფერი არ გამოდიოდა ანუ მოგება არ გვრჩებოდა. ლაშა კომახიძე დაგვპირდა ყველაფერს და მეორე დღეს გადადგა. ასე ჰაერში ვართ დარჩენილი და ჩვენთვის არაფერი კეთდება.

პანდემიის გამო რეგულაციები დაგვიწესეს, არც მგზავრის დგომა და წინ ჯდომა შეიძლება, ამან საერთოდ გაგვანადგურა. 

ვთხოვთ ქალაქის მერიას ან ტარიფი გაგვიზარდოს, ან სუბსიუდირება გაგვიკეთოს, რომ მუშაობას აზრი ჰქონდეს" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომპანია "აჭარტრანსრეგულირებაში", რომელიც ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიაა აცხადებენ, რომ ტარიფების განსასაზღვრად მათ აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაც ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნეს და  ტარიფების მატებას თვის ბოლოს ელოდებიან.

მათივე განმარტებით სამგზავრო ტარიფები სავარაუდოდ, 10 დან - 30 თეთრამდე გაიზრდება და 70-80 თეთრით განისაზღვრება.

"დავიქირავეთ კერძო კომპანია, გაგვიკეთა დასკვნა, საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით ტარიფების შესახებ. მივმართეთ ბათუმის მერიას ამ დასკვნით. 6 გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ქალაქში ემსახურება საქალაქო მარშუტებს. საკითხზე საკრებულო მსჯელობს და სავარაუდოდ მარტში იქნება ახალი ტარიფები.

 

ტარიფების მატება აუცილებელია, რადგან გაძვირებულია სათადარიგო ნაწილები, საკვები პროდუქტებიც.

 

განაცხადი თებერვალში შევიდა და სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება. აუდიტის დასკვნაში ტარიფი განსაზღვრულია 70-80 თეთრით, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო"-აცხადებს კომპანია "აჭარტრანსრეგულირების" წარმომადგენელი.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან არ დაზარალდეს არც მძღოლები და არც მოსახლეობა.

"მათი მოთხოვნაა 50 თეთრიდან ტარიფი გახდეს 70 თეთრი. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, გავათავისუფლეთ ისინი ნებართვის ფასის გადასახადისგან. მიმდინარეობს მოკვლევა თუ რა შეღავათების გაწევა შეიძლება მუნიციპალიტეტის მხრიდან და ამის შემდეგ საკრებულო დაამტკიცებს ამ საკითხს.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ არ დაზარალდეს არც მოსახლეობა და არც მძღოლები. მიდის დაკვირვება, მგზავრების დათვლა და გადაწყვეტილებას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მივიღებთ"- განაცხადა ემზარ ქავჟარაძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში