ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება - ირაკლი ღარიბაშვილი

02 მარტი 2021, 13:09 869 ნახვა

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში - ასე შეაფასა ოპოზიციის აქცია საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პიკეტირების მცდელობა არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.

პრემიერმა განაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პრინციპული პოზიცია უცვლელია და ეს მათთვის წითელი ხაზია.

" მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის. მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა  შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. რაზეც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. მე ვგულისხმობ, დღეს, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ.

საკითხები, რომლებიც იქნა განხილული არის ის საკითხები, რომლებიც მუსირებს და განხილვის საგანია ოპოზიციის მხრიდან.

ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ბატონ მელიას და მის ოჯახს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის მისი ციხიდან გამოყვანა. მეორე საკითხი შეეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის, ჩვენ ამაზე უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის ჩვენი წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და ეს შეხვედრაზეც დავაფიქსირე.

ჩვენი გუნდი მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ინტერესის შესაბამიად.თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში