ხვალ კანცელარიასთან აქციის ნაცვლად მსვლელობა გაიმართება, 13 მარტის აქცია კი გადაიდო - ოპოზიციის გადაწყვეტილება

03 მარტი 2021, 15:57 1002 ნახვა

ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, 13 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქცია დროებით გადაიდოს, ხვალ კი მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი პიკეტირების აქციის ნაცვლად გაიმართება ავტომობილებით მსვლელობა რუსთავის ციხემდე.

"გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტექსტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი მთავრობის კანცელარიის პიკეტირების აქცია შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით. აქცია 13:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე და წავა რუსთავისკენ, სადაც იმყოფება პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტს დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქცია გადაიდო 20 მარტისთვის, რადგან პრეზიდენტ მიშელმა მხარეებს მისცა 2 კვირიანი ვადა, იმისთვის, რომ ამ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე რაც მოხსენებულია ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. მცირე საპროტესტო აქციები არ გადაიდება, მოხდება მათი მოდიფიკაცია"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ექვსივე საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდო თანაბრად მნიშვნელოვანია.

"იმისთვის, რომ მთავრობას არ ჰქონდეს გადაბრალების და თავის დაძვრენის საბაბი, გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციების მოდიფიკაცია. მინდა განვმარტო, ექვსივე საკითხი შარლ მიშელის მიერ იყო წარმოდგენილი და მან ის დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსაც, შესაბამისად ექვსივე თანაბრად პრიორიტეტულია.

მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, მანამ სანამ ნიკა მელია მასში არ მონაწილეობს, როგორც საკუთარი პარტიის ლიდერი. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება, ისევე როგორც რიგგარეშე არჩევნების საკითხი და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს"- განაცხადა გიგი უგულავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში