დავა ნამახვანჰესზე

03 მარტი 2021, 20:04 1043 ნახვა

„ნამოხვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოუსაფრთხოებასა და ტარიფს“ - ასეთია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანალიზი ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.

კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე  15 წლის განმავლობაში, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. მთავრობა ასევე ვალდებულია 2022 წლის 1-ლ იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს. რიონის ხეობის მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ჰესის მშენელობას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ იგი მათ სახლებს, საძოვრებს, სახნავ-სათეს მიწებს საფრთხეს შეუქმნის, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ დასაქმდება. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები უკვე რამდენიმე თვეა ღამეს კარვებში ათევენ, გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქციაც.

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას კლიმატური ცვლილებების შიში აქვს, რომელიც, სავარაუდოდ წყალსაცავის მოწყობას მოჰყვება. ამის მაგალითად „გუმათჰესის“ მშენებლობის შემდეგ განვითარებულ ცვლილებებს ასახელებენ სოფელ ოფურჩხეთში მცხოვრებლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში