FAO-ს ფასების ინდექსმა თებერვალში, კალათის ყველა პროდუქტზე მოიმატა

05 მარტი 2021, 13:08 907 ნახვა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში, გაიზარდა და 116.0 ქულა შეადგინა.

აღნიშნული ქულა, 2020 წლის იანვრის ფასებს 2.4%-ით აღემატება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 26.5%-ით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შაქრის ფასების ინდექსი იანვართან შედარებით - 6.4%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია.

2012 წლის აპრილის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. იანვართან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 6.2%-ითაა გაზრდილი. ფასი გაზრდილია მცენარეული ზეთის (პალმის, სოიო, მზესუმზირა და სხვა) ყველა სახეობაზე.

1.7%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზს, ჩინეთის მხრიდან კარაქზე გაზრდილი მოთხოვნა და ევროპაში, რძის დაბალი წარმოება წარმოადგენდა.

კარაქისგან განსხვავებით, ფასები შემცირებულია ყველზე, აღნიშნულის მიზეზი შტატებში არსებული პროდუქტის უხვი მარაგებია.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, გაზრდილია 1.2%-ით. ჩინეთში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე - 17.4%-ით მოიმატა ფასმა სორგოზე.

რაც შეეხება, სიმინდს, ხორბალსა და ბრინჯს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.

იანვართან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემცირებული მარაგებით, მაშინ როცა, ღორის ხორცზე ფასების შემცირება, სწორედ პროდუქტის უხვმა მარაგმა გამოიწვია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში