UNICEF: პანდემიის გამო შესაძლოა ბავშვთა ქორწინებათა რაოდენობა გაიზარდოს

08 მარტი 2021, 18:03 879 ნახვა

პანდემიის გამო შესაძლოა გაიზარდოს ბავშვთა ქორწინებათა რაოდენობა - გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდმა კვლევა გამოაქვეყნა, რომ კორონავირუსის კრიზისით გამოწვეულმა სირთულეებმა შესაძლოა მომდევნო ათწლეულში დამატებით 10 მილიონი ბავშვის ქორწინება გამოიწვიოს.

უნისეფი აცხადებს, რომ „სკოლების დახურვა, ეკონომიკური სტრესი, მომსახურების შეფერხებები, ორსულობა და პანდემიის გამო მშობლების სიკვდილი გოგონებს ბავშვთა ქორწინების გაზრდილ რისკს უქმნის.“ ასევე წერია, რომ თუკი ტენდენცია დადასტურდა, ეს იქნება სერიოზული უკუსვლა ბოლო წლებში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ კამპანიაში მიღწეული წარმატებიდან.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და ფიზიკური დისტანცირების გამო გოგონებისთვის უფრო რთული გახდა „სამედიცინო, სოციალური და საზოგადოებრივი დახმარების მიღება, რაც მათ იცავს ბავშვთა ქორწინებისგან, არასასურველი ორსულობისგან და გენდერული ნიშნით ძალადობისგან,“ ვკითხულობთ ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში