საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

10 მარტი 2021, 16:59 1259 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრო „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსს აცხადებს.

სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პოტენციალის განვითარებას.

საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის  უფლება  აქვს:

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

 

• პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის

 

o მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე

o მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე

o პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე

2021 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის სწავლის ხარჯების დაფინანსების მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 15 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.

განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

• სწავლის საფასური

• ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)

• ტრანსპორტი

• სამედიცინო დაზღვევა

• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა

• ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები

• სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014  წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  3 337 500 ლარი და დაფინანსდა 73 სტუდენტი. 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი  700 000 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში