პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული წესი დავიცვათ - პრემიერი

11 მარტი 2021, 11:13 1612 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ჩვენ შეზღუდვების ნაწილი მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციის უგულებელყოფა, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა. მე მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული წესი დავიცვათ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხზეც ისაუბრა.

"ჩვენ ვაწარმოებთ და მე უშუალოდ ვარ ჩართული ამ პროცესში, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან გრძელდება მოლაპარაკებები. ძალიან მალე ჩვენ უკვე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე სანამ ეს პროცესი დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას და არ უნდა გავხდეთ იძულებულნი გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში