კრისტიან დანიელსონს გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია, რომ ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმები - მესამე სექტორი

12 მარტი 2021, 15:25 1019 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს კონრეტულ რეფორმებსა და იმ ნაბიჯებზე რომლებიც უნდა გადაიდგას პროცესის განსამუხტად.

"ერთი მხრივ ჩემი პოზიცია იყო, იმისთვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდეს, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს ჩვენ სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და ჩვენმა სისტემამ სწორად იმუშაოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები სასამართლოში, პროკურატურაში. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ოპოზიციაში მათ ქონდეთ პარლამენტში კონკრეტული როლი და ფუნქცია.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმ კორუფციის გაზრდილი რაოდენობის კუთხით რაც ქვეყანაში გვაქვს.

ისინი ინფორმირებულნი არიან თუ რა მოხდა ,,ტვ პირველთან'' მიმართებაში და ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს მედიაგარემოში

ძირითადად შეხვედრა ეხებოდა ჩვენი პოზიციების გაზიარებას, რას ვფიქრობთ რეფორმებთან დაკავშირებით"-განაცხადა ეკა გიგაურმა.

საია-ში აცხადებენ, რომ დროა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ ხრამში.

"ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია, ერთადერთი რაც საია-ს სახელით ვთქვი, არის ის რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩენ გვჭირდება უფრო მყარი და წინგახედული ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პრობლემებისგან, რომლებიც დღეს არის. ეს არის ინსტიტუციური რეფორმები. ეს არის სასამართლო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში