საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში მემორანდუმები გაფორმდა

12 მარტი 2021, 16:26 771 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა განათლება. ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და უნგრეთს შორის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და  ტექნოლოგიების სფეროებში. 
საქართველოს მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას  - განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), ხოლო უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი განახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. 

''ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და  ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე. პიტერ სიიარტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს  შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სატრანსპორტო კავშირებისა და ტურიზმის სფეროში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება ავიაკომპანია „ვიზეარის“ მზადყოფნას, აღადგინოს საერთაშორისო რეისები საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. 

საუბრისას განიხილეს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები და  ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს და აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებსა და უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის საჭირო დოზები მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს'' - წერია ინფორმაციაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში