ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელები და დასაქმებულები აქციას მართავენ

16 მარტი 2021, 12:42 4083 ნახვა

სარიტუალო დარბაზების მფლობელები და დასაქმებულები ბათუმში აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან ასევე მუსიკოსები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და სარიტუალო დარბაზში დასაქმებული სხვა პერსონალიც.  ისინი აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მუშაობის დაწყების ნებართვას სთხოვენ. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ბანკში კი სასესხო ვალდებულებები აქვთ. 

''ოპერატორი ვარ, მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით ვმუშაობ, სხვა პროფესია არ ამირჩევია, რადგან მიყვარს ჩემი საქმე. ჩვენი მოთხოვნა არის მუშაობის ნება დაგვრთონ. თუ შეიძლება თეატრი მუშაობდეს, 200 კაცი მივიდეს და დაჯდეს, პატარა წვეულების გამართვა რატომ არ შეიძლება? მიზეზი გვითხრან, აგვიხსნან. თუ ეს სფერო საჭირო არ არის წავალთ რამეს სხვას მოვიფიქრებთ. ერთადერთი თხოვნაა მოგვაქციონ ყურადღება, შეგვხვდნენ და დაგველაპარაკონ'' - აცხადებს როინ გორაძე.

''სარიტუალო დარბაზში ვმუშაობ და დიზაინს ვაკეთებ. ყველაფერი გაიხსნა და ეს სფერო ისევ ჩაკეტილია.  იძულებული ვიყავით აქ მოვსულიყავით. ხალხს ქორწილები უნდა, სასიხარულო ღონისძიება.აკრძალვების გამო კი, იძულებული ვართ ჩუმად ვაკეთოთ, სადღაც ტყეებში დავდივართ და კერძო სახლებში ვაკეთებთ. მოდიან და გვაჯარიმებენ მაინც. იძულებულს ნუ გაგვხდიან ჩუმად ვაკეთოთ ეს საქმე, მოგვცენ ნებართვა. ჩვენ ყველა რეგულაციას დავიცავთ.

თითო დარბაზში 100 კაცი მაინც მუშაობს და დღეს ყველა დასაქმებული მშიერია, იმიტომ რომ დარბაზები არ გახსნილა. ცალკე თემაა სარიტუალო დარბაზის გახსნისთვის აღებული სესხები'' - ამბობს გოგონა ხალვაში.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში