ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი "ამბასადორის" მშენებლობას გამოეხმაურა.
ელისაშვილმა პარლამენტარებს საკითხით დაინტერესებისკენ და ბულვარის დამცველებთან შეხვედრისკენ მოუწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი მექრთამედ მოიხსენია.
"ბათუმის ბულვარი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არის გაშენებული, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა ცხრამეტსართულიანი კორპუსი შენდება.
სამი თვეა, ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა, მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, კორპუსი დაიდგმება, ისე ივლის არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე ცხრამეტამდე ავიდა"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა პარლამენტში ბულვარის დამცველებთან შეხვედრა ჩაინიშნოს, რათა აქციის მონაწილეების პრობლემები და წუხილი პირადად მოისმინონ და ბულვარის დასაცავად საჭირო ზომები მიიღონ.
ალეკო ელისაშვილის გამოსვლას მოგვიანებით განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. თეა წულუკიანმა ალისაშვილს ფარისეველი უწოდა, მისი სიტყვებისთვის პასუხი მოსთხოვა და იმედი გამოთქვა, თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს და ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
წულუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ ის რაც ბათუმის ბულვარში შენდება მისთვისაც მიუღებელია.
"არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უწოდებენ მექრთამეს.
აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს ამბავი იცით, ალბათ მის იქით დეტალებიც იცით. ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა მეც ვფიქრობ, რომ ის რაც იქ შენდება მიუღებელია. მე ბატონ თორნიკესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როცა პრემიერ კვირიკაშვილის დროს იქ 9 და 12 სართულიანი კი არა ათეულობით სართულის აღმართვა იგეგმებოდა. რიჟვაძე იყო ის, ვინც მინიმუმამდე დაიყვანა ის, რაც დღეს გვაქვს.
თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში შემოსვლამდე თქვენს გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ, პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა ,,ქართული ოცნება'', ანუ გამოდის, რომ ეს ჩვენ ვართ მუთაქები და 60 მგელი, რომ შევალთ იქ ნახეთ რას დავატრიალებთ.
ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ. ესეიგი თქვენ არამც თუ არაკომპეტენტური ხართ, როცა თვლით, რომ პარლამენტის ერთ დეპუტატს აქვს რაიმე ტიპის უფლება აჭრის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა. მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცეები დაეკითხეთ.
მე თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ ვითომ წუხართ ბათუმის ბულვარზე. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ კაცო, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი, კომიტეტის წევრი, რომელიც წინააღმდეგი წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო.
ენა იმისთვის არ მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს. მჯერა, რომ ბატონი რიჟვაზე მოძებნის დროს თქვენ წინააღდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე. რადგან თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის, ქრთამის აღება დანაშაულია. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამისი მტკიცებულებები არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამისი უარყოფა.
ბათუმის ბულვარში ის რამდენიმე სართულიც კი მიუღებელია ჩემთვის, ბულვარს ეკუთვნის მეტი მოფრთხილება და არა ამგვარი მშენებლობები" - განაცხადა თეა წულუკიანმა.